"ჯორჯიან პროდაქტი“-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე დეკემბერში გავა და ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ამ დრომდე საქართველოდან ლოკალურად ნაწარმოები ხორცისა და ხორცპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში არ მომხდარა.
"ჯორჯიან პროდაქტი" პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი სახეობის ხორცპროდუქტს აწარმოებს და გაიტანს ექსპორტზე, კერძოდ კი საუბარია გამომშრალ ქათმის მკერდზე.
კომპანიის დამფუძნებლის, დავით ბარდაველიძის თქმით, მათი პროდუქცია ე.წ. "სნექების“ კატეგორიაში გავა და ორი ფორმით - სტეიკისა და წვრილი ფორმით იქნება წარმოდგენილი. შეფუთვას რაც შეეხება ისიც ორნაირი - 200 გრამიანი და ერთ კილოგრამიანი იქნება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, პირველ წელს კომპანიას კვარტალში 200 000 ტონა პროდუქტის ექსპორტი აქვს დაგეგმილი.
"ისევე, როგორც "ჯორჯიან პროდაქტის“ სხვა პროდუქცია, ჩვენი ხორცპროდუქტიც მთელი ევროკავშირის ბაზარს მოიცავს, თუმცა პროდუქციის ძირითადი ნაწილი გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, კერძოდ კი ანტვერპენში გავა სარეალიზაციოდ, ხოლო შემდგომ მოთხოვნის შესაბამისად გავა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც".
როგორც დავით ბარდაველიძემ BM.ge-ს განუცხადა, "ჯორჯიან პროდაქტი" პროდუქტის პირველ პარტიას ოქტომბრის დასაწყისში დაამზადებს. მისივე თქმით, საწარმო დღეისთვის უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, რომლის ინსტალაცია სწორედ ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ერთადერთი რასაც კომპანია ელოდება ეს არის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის საბაჟო ნომერი, რომელსაც ისინი ბრიუსელიდან უახლოეს დღეებში მიიღებენ. ხორცპროდუქტების საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანია "ჯორჯიან პროდაქტი" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან.

























