მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯორჯო კიელინი LAFC-ის მმართველ გუნდს შეუერთდა

კიელინი LAFC

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი ამერიკული LAFC-ის მფლობელთა ჯგუფს შეუერთდა.

კიელინიმ თავისი პროფესიონალური კარიერის ბოლო 18 თვე სწორედ ამ კლუბში გაატარა. მან კლუბის მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 2022 წელს მოიგო როგორც MLS-ის თასი, ისე Supporters’ Shield, ხოლო მომდევნო წელს გუნდი დამარცხდა MLS-ისა და CONCACAF Champions Cup-ის ფინალშიც.

2023 წლის დეკემბერში კარიერის დასრულების შემდეგ კიელინიმ LAFC-ში მუშაობა განაგრძო, როგორც მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელმა.

ყოფილმა მცველმა კლუბის თანამფლობელობაში შესვლას "დიდი პატივი" უწოდა და აღნიშნა:
„როცა სამი წლის წინ ამ გუნდში მოთამაშედ ჩამოვედი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ კლუბში რაღაც განსაკუთრებული იყო. ეს არის ამბიციური ორგანიზაცია, რომელსაც აშენებენ საოცარი ადამიანები და რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოება, რომელიც თავს სახლში გაგრძნობინებს. სწორედ ამიტომ, შარშან გავაჟღერე სურვილი, რომ კლუბის თანამფლობელი გავმხდარიყავი და ახლა ამაყი ვარ, რომ ამ მოგზაურობას ვაგრძელებ და მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს, რომლისაც ღრმად მწამს“ - აცხადებს კიელინი.

2024 წლის სექტემბერში კიელინი ასევე გახდა ინვესტორი კომპანია Mercury/13-ში ქალთა მრავალგუნდა ქსელში, რომელიც ფლობს იტალიურ კლუბ "კომო ვუმენს" (Como Women), რომელიც სერია A-ში ასპარეზობს.

ლოს ანჯელესში ყოფნის დროს კიელინი თვალს ადევნებდა "Angel City FC-ის", ქალთა პროფესიონალური კლუბის, დებიუტს ამერიკულ NWSL-ში, რამაც მას შთააგონა, რომ ქალთა ფეხბურთში ინვესტიცია ჩაედო.

40 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში 800-ზე მეტი პროფესიონალური მატჩი აქვს ჩატარებული, ყველაზე მეტად “იუვენტუსში” გატარებული 17 წლით არის ცნობილი, სადაც მან 20 ტიტული მოიგო, მათ შორის 9 სერია A-ს ჩემპიონის ტიტული და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები