იურიდიული კომპანია J&T Consulting-ი ["ჯეი ენდ თი ქონსალთინგი"] რეგიონულ გაფართოებას იწყებს.
ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, კომპანიამ ბათუმში ფილიალი გახსნა - აჭარის ოფისს აშშ-დან დაბრუნებული პარტნიორი, ნანა თურმანიძე უხელმძღვანელებს.
როგორც კომპანიის პარტნიორმა სიმონ ტაკაშვილმა BMGtv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" განაცხადა, ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება თავად ბაზარმა უკარნახათ, რადგან ბოლო წლებში აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი უძრავი ქონების სექტორში, ინვესტიციების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება.
„ბათუმში ფილიალის გახსნა თავად ბაზარმა გვიკარნახა. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, აჭარაში ინვესტიციების ძალიან მზარდი შემოდინებაა. უძრავი ქონების სფეროში ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა იქ ყოფნის საჭიროება, რადგან ჩვენი სერვისი ზუსტად ამ ტიპის ბაზარზეა ორიენტირებული. 2025 წლის განმავლობაში უკვე გამოჩნდა სხვა ტიპის, მათ შორის ტრანსსასაზღვრო (cross-border) ტრანზაქციებიც, რაც ნიშნავს, რომ ბიზნეს ურთიერთობები რეგიონში კიდევ უფრო რთული და მრავალფეროვანი ხდება. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ბათუმის ფილიალი სრულად იქნება დატვირთული“, - აღნიშნა სიმონ ტაკაშვილმა.
კომპანიის განმარტებით, ახალი ფილიალი ბიზნესს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს არა მხოლოდ უძრავი ქონების ტრანზაქციების, არამედ საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და დავების მართვის კუთხითაც.
სიმონ ტაკაშვილის თქმით, ნანა თურმანიძის სახით, ბათუმის ოფისს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კადრი ჩაუდგა სათავეში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს დასავლეთ საქართველოში.
“ბათუმში შესვლით ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული ზრდის ახალ ეტაპზე გადადის, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებთან”, - აცხადებენ J&T Consulting-ის პარტნიორები.
ცნობისთვის: "ჯეი ენდ თი ქონსალთინგი" 2008 წლის სექტემბერში დაფუძნდა. ფირმის დამფუძნებლებმა თავიდანვე განსაზღვრეს, რომ საქმიანობის სფეროდ ვიწრო პროფილი - მხოლოდ ბიზნესის მომსახურება უნდა ყოფილიყო.



























