მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

JTI tobacco: დიდი ალბათობით უკანონო თამბაქოს შემოდინება იჩენს თავს

583edd25a60f4
BM.GE
30.11.16 18:01
1726
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააანონსა, რომ მომავალი წლიდან კოლოფ სიგარეტზე აქციზური მარკა, რომელიც ამ დროისთვის 1.1 ლარი ღირს 60 თეთრით გაძვირდება, შესაბამისად 2017 წლიდან სიგარეტის ღირებულება მოიმატებს, - თემაზე "ბიზნესკონტრაქტთან" JTI tobacco-ს კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია საუბრობს.

- აღნიშნულ ცვლილებას ელოდით თუ არა და როგორ აისახება ის ბიზნესზე?

-ჩვენთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია იყო. სამწუხაროდ, ბიზნესთან არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ მთავრობას სულ რამდენიმე ხნის წინ 12 წლიანი აქციზის ზრდის გეგმა წარუდგინა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებიდან იყო გადმოღებული ხაზი მინდა გავუსვა, რომ თამბაქოს ინდუსტრია მთავრობის გადაწყვეტილების კერძოდ, აქციზის კუთხით წინააღმდეგი არასოდეს არ წასულა. ამ შემთხვევაში აღნიშნული 60 თეთრიანი მატება ჩვენ გუშინ მედიის საშუალებით გავიგეთ, რაც მოულოდნელი იყო. აქ ძალიან დიდ რისკებს ვხედავთ ბიზნესისთვის. ეს ცვლილება რეალურად ძალაში შედის და უკვე გაზრდილი აქციზის გადასახადის გადახდა მოგვიწევს.

-რა რისკებს ხედავთ?

-ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკია თამბაქოს უკანონოდ შემოდინება, რისი მცდელობაც, სამწუხაროდ, საქართველოში 2005 წლიდან მოყოლებული გვაქვს. მაშინაც ქართულ ბაზარზე აქციზის გაორმაგება მოხდა და პირველივე 5 თვის განმავლობაში ლეგალური ბიზნესი ჩამოიშალა. უფრო რომ დავკონკრეტდე ბაზრის 50% უკანონოდ შემოტანილმა თამბაქომ დაიკავა.

-დღესაც არის საფრთხე, რომ კონტრაბანდული საქონელი შემოვიდეს და ბაზარზე არაკონკურენტული და არაჯანსაღი გარემო გაჩნდეს?

-ჩვენი შეფასებით, აღნიშნული 60 თეთრიანი აქციზის ზრდის მიღებისას, შესაბამისი რეგიონალური ფაქტორები არ იქნა გათვალისწინებული, კონკრეტულად ფასებს ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც კონკრეტულ 1 კოლოფი სიგარეტის ფასის სხვაობა საშუალოდ 1 ლარზე მეტიც კი გამოდის. დამატებითი 60 თეთრიანი აქციზის გაზრდა ფასებზე შეიძლება 80-90 თეთრით აისახოს, იმიტომ რომ აქ დღგ-ს ფაქტორი ერთვება.

-აქვს თუ არა კომპანიებს რესურსი მოგების მარჟა შეამცირონ და თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდა მომხმარებლისთვის მტკივნეული არ იყოს?

-ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თამბაქოს ინდუსტრიაში აქციზის განაკვეთი ეტაპობრივად იზრდებოდა. სამწუხაროდ, მაშინაც კონკრეტული კონსულტაციები ბიზნესთან არ გამართულა და წინა გამოცდილებაც გვაქვს აქციზის ზრდასთან მიღებული გადაწყვეტილების. ასევე სამწუხაროდ ბოლო წლებში სახეზე იყო ეროვნული ვალუტის საკმაოდ დიდი დევალვაცია, რაც ბიზნესზეც აისახება და საკმაოდ ბევრ დანაკარგს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, კიდევ რომ მოხდეს ფასის გადათამაშება მარჟაც აღარ არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ აქციზი რეგიონთან შედარებით მაღალია და აქედან გამომდინარე თამბაქოს ბიზნესს ძალიან გაუჭირდება.

-გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მეტ შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს?

-სამწუხაროდ, სწორედ აქ არის პრობლემა. ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ აქციზის ზრდა თუ ასე რადიკალურად მოხდება, დიდი ალბათობით უკანონო თამბაქოს შემოდინება იჩენს თავს და კანონიერი პროდუქცია არალეგალურით ჩანაცვლდება. არალეგალური პროდუქციის აღრიცხვა არსად არ მიმდინარეობს და შესაბამისად, კლება, შესაძლოა, სტატისტიკურად დაიდოს, რომ 10%-ით შემცირდა, თუმცა, ეს შემცირება არ იქნება იმის საფუძველზე, რომ მომხმარებელმა თამბაქოს მოხმარებას დაანება თავი, არამედ უბრალოდ არალეგალურ პროდუქციის მოხმარებაზე გადაერთვება. ამ შემთხვევაში მთავრობაც წააგებს, რადგან საბიუჯეტო შემოსავლები დაიკარგება და ბიზნესიც, იმიტომ რომ კანონიერი პროდუქცია არ გაიყიდება.

-სანამ ეს ყველაფერი დაკანონდება, მოლოდინი გაქვთ, რომ მთავრობასთან კომუნიკაცია გექნებათ?

-რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ დარჩენილ მცირე პერიოდში მთავრობის შესაბამის უწყებებსა და ბიზნეს შორის კომუნიკაცია მაინც შედგება , იმიტომ რომ ჩვენ არა ერთხელ განგვიცხადებია საჯაროდაც და პირდაპირ მიმართვებშიც, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვართ, არც აქციზის ზრდის წინააღმდეგი ვართ ზოგადად, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა კანონიერი ბიზნესის ჩამოშლა არ მოხდეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ, არც ერთ ქვეყანაში არ არის აქციზთან მიმართებაში ასეთი მოულოდნელობის ფაქტორი, ყვერლგან გრძელვადიანი გეგმებია გაწერილი, როდესაც ბიზნესმა ზუსტად იცის ყოველწლიურად რა მოცულობით და როდის გაიზრდება აქციზი. ამ შემთხვევაში მტავრობაც დაზღვეული იქნება, რადგან მათაც საბიუჯეტო გათვლებისთვის ზუსტი ინფორმაცია ექნებათ დამატებით ყოველწლიურად რა მოცულობის აქციზი შევა ბიუჯეტში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები