მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მოუმართავს - პროკურორი

ჯუანშერ ბურჭულაძე

პატიმრობაში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძის საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განუცხადა. ინფორმაციას ადასტურებს თავდაცვის მინისტრის ადვოკატიც.

"საპროცესო შეთანხმებას რაც შეეხება, დღეის მდგომარეობით, რაიმე არ შეცვლილა... არ არის გადაწყვეტილება მიღებული რომელიმე კონკრეტული მათგანის მიმართ და დღეის მდგომარეობით, იგივე პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე [ჯუანშერ ბურჭულაძეს] არ მოუმართავს. მოცემულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს მიადგა დაახლოებით 7 მილიონის ზიანი. საპროცესო შეთანხმებას აქვს თავისი დათქმები, პირველი - ეს არის ბრალის აღიარება, მეორე - სასჯელზე შეთანხმება ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის. დღეის მდგომარეობით, ბრალის აღიარება არ მომხდარა", - აცხადებს პროკურორი.

ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის მიხედვით, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები