მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯვრის მონასტრის წინამძღვარი 2017 წელს მონასტრის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა"

5c49b22732587
ელენე გოგბერაშვილი
24.01.19 17:00
1574
მას შემდეგ, რაც მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით მონასტერი რამდენიმე დღით დაიკეტა, რის მიზეზადაც გარევაჭრობის აკრძალვა დასახელდა, შემდეგ კი, მოვაჭრეებს მონასტრის გზიდან 18 მეტრის დაშორებით სავაჭრო დახლების განთავსება შესთავაზეს, რომელიც რთული რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია, მცხეთის მერიაში ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა, განვითარებული მოვლენები მონასტრის წინამძღვრის ინტერესებს უკავშირდებოდეს.

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამის არგუმნეტად შეიძლება გამოდგეს ის ფაქტი, რომ ტაძრის წინამძღვარმა ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით წერილით ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა.
ამ ინფორმაციას bm.ge-თან ადასტურებს მცხეთის მერიც.

გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც წერილი ეკონომიკის სამინისტროში შევიდა, უწყებამ აღნიშნული წერილი მცხეთის მერიას და საკრებულოსაც გაუგზავნა.
„რადგან ტერიტორია მუნიციპალიტეტის ფარგლებშია, სამინისტროს ჩვენი აზრიც აინტერესებდა, გვქონდა თუ არა სხვა მოსაზრება აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ თანხმობა არ მიგვიცია“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

მერი ვარაუდობს, რომ მოთხოვნილი ტერიტორია შესაძლოა, მოიცავდეს იმ სივრცესაც, სადაც დღეს პარკინგია მოწყობილი.
აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით bm.ge-მ ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა -კერძოდ, რა ტერიტორიის გადაცემას ითხოვდა ჯვრის მონასტრის წინამძღვარი და შედის თუ არა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთში ის ადგილიც, სადაც გარევაჭრობა ხორციელდებოდა.

უწყების პასუხს მკითხველს ინფორმაციის მიღებისთანავე მივაწვდით.

ცნობისთვის: ჯვრის მონასტერი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. მიმდებარე ტერიტორია კი, სახელმწიფო საკუთრებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები