მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კ2 კოეფიციენტზე შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში დეველოპერები ბინებზე ფასების ზრდას ელოდებიან

582dcccd78726
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.16 10:03
2411
კ2 კოეფიციენტზე შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში დეველოპერები ცენტრალურ უბნებში ბინებზე ფასების ზრდას ელოდებიან.

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მშენებლობებზე დროებითი შეზღუდვების შესაძლო გაგრძელების შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცადა. დარჩება თუ არა დედაქალაქში მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდვები - ამას დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი განსაზღვრავს. სწორედ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, თბილისის რომელ უბანში რა მოცულობის შენობის აშენებაა შესაძლებელი
დეველოპერების და სფეროს სპეციალისტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ცენტრალურ უბნებში ბინები გაძვირდება, ხოლო მშენებლობები ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს. თუმცა, დეველოპერები მიიჩნევენ, რომ გარეუბნების განვითარება დედაქალაქისთვის პოზიტიური იქნება.

„ქალაქის ცენტრალურ უბნებში ეს შეზღუდვა გამოიწვევს იმას, რომ კომპანიები გადავლენ გარეუბნების ასათვისებლად. მოკლევადიან პერიოდში ეს გამოიწვევს ინვესტციების შეჩერებას მცირეოდენი დროით ცენტრალურ უბნებში. მაგრამ ინვესტორებს საშუალება ექნებათ, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და ინვესტიცია განახორციელონ ქალაქის გარეუბნებში“,- აცხადებს კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი თორნიკე ჯანელიძე.

კომპანია „რემაქს კაპიტალის“ მმართველი პარტნიორი მარიამ ასათიანი აცხადებს, რომ ბინები, სავარაუდოდ, გაძვირდება, მიზეზი კი მარტივია - ცენტრალურ უბნებში რაოდენობრივად ნაკლები ბინა აშენდება და ფასიც მოიმატებს.

„ცენტრში გვექნება უფრო ნაკლები ბინები, რაც შექმნის ამ დაბალსართულიანი სახლების ხარისხის განვითარების აუცილებლობას და უფრო ინფტრასქტრუქტურის განვითარებას, რაც ფასზეც აისახება. ეს უნდა დაკომპენსირდეს ახალი სივრცეების შექმნის ხარჯზე“,- აცხადებს მარიამ ასათიანი.
კომპანია მ2-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით კი, რაც უფრო ნაკლები იქნება კ2 კოეფიციენტი მით უფრო მოიმატებს გასაყიდი ბინების ფასი.

„თუმცა, გასაყიდ ფასს არეგულირებს ბაზარი, რაც არის იმაზე მეტს ვერ დააწესებს დეველოპერი. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ბაზრით დარეგულირდება და იმედი მაქვს ისეთ გადაწყვეტილება მიიღებენ რომ მოგებაში დარჩეს დეველოპერიც და არ დაზიანდეს ურბანული მდგომარეობაც", - განაცხადა ბურდილაძემ.

განსხვავებული აზრი აქვს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილს. მას მიაჩნია, რომ ფასები არ გაიზრდება, რამდენადაც ქალაქის ცენტრში ისედაც „გადაჭარბებული ფასებია“.

„მშენებლობა გინდა გარეუბანში, გინდა ცენტრში ერთი და იგივე ჯდება. მე ბევრად უფრო მკაცრი პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ცენტრალურ უბნებში დეველოპერებისთვის გადასახადი უფრო მეტი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ფასები იყოს მეტ-ნაკლებად ერთნაირი. დაუშვებელია, ერთ ქალაქში ზოგ შემთხვევაში 6-7-ჯერ განსხვავებული“,-აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები