მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“K2 კოეფიციენტის გაყიდვას დღეს  "მაკომპენსირებელი ღონისძიება" ჰქვია, რაც პრობლემას არ აგვარებს”-ანა ბიბილაშვილი

მშენებლობა

გასულ კვირას თბილისის საკრებულოს სხდომაზე 10 პროექტისთვის K2 კოეფიციენტის მატებას, უფრო კონკრეტულად სართულების ზრდას, დაუჭირეს მხარი. აქედან ცხრა ობიექტის მიერ გადასახდელი თანხა თითქმის 13 მლნ ლარია. ეს კი იმ დროს როცა 2019 წელს კალაძის გუნდის გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ K2 კოეფიციენტის გაყიდვა აღარ მოხდებოდა.

ამ მიმართულებით პარამეტრების ცვლილება პირდაპირ თანხის სანაცვლოდ არ ხდება, თუმცა არსებობს პროგრამები, რომლის საშუალებითაც ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა K2 კოეფიციენტი თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის სანაცვლოდ გაზარდოს.

ურბანისტი ანა ბიბილაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ კოეფიციენტების გაყიდვის პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, თუმცა მაშინ უფრო ნაკლები კოეფიციენტი გაიყიდა და შენობების სიმაღლე ნაკლებად გაიზარდა. მისი თქმით, დღეს ეს საკითხი შერჩევითობის პრინციპზეა დამოკიდებული და ხშირად ქალაქის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას არ პასუხობს. მისი თქმით, ბიზნესისთვის k2 კოეფიციენტის მიყიდვა დღეს “მაკონპენსირებელ ღონისძიებად” იფუთება და ხშირად გადაწყვეტილების მიღება იქ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებიტ არ ხდება.

“კ2 კოეფიციენტი განსაზღვრავს, რამდენად მჭიდროდ შეიძლება განაშენიანდეს ტერიტორია. როდესაც ქალაქგეგმარებითი დოკუმენტებით დადგენილი კოეფიციენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღება, ეს არღვევს მთავარ პრინციპს, თუ რამდენად მჭიდროდ უნდა იყოს დასახლებული კონკრეტული უბანი. ამის შედეგებს თვალსაჩინოდ ვხედავთ დიდ დიღომსა და ცენტრალურ უბნებში, სადაც ძალიან მაღალი, მრავალსართულიანი განაშენიანება ხდება. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვეღარ უმკლავდება გაზრდილ დატვირთვას, რადგან ის გათვლილი არ არის მომატებულ სიმჭიდროვეზე. ანალოგიური პრობლემა ჩნდება მწვანე ინფრასტრუქტურასთან მიმართებითაც.

მეორე მხრივ, ქალაქს აქვს ავარიული შენობების ჩანაცვლების საჭიროება, რასაც თბილისის ბიუჯეტი საკუთარი სახსრებით ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს გადაწყვეტილებები ხშირად არ პასუხობს ქალაქის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას და არღვევს სხვა უბნების განვითარების პერსპექტივას.

კოეფიციენტების გაყიდვის პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა, თუმცა შედარებისთვის, მაშინ უფრო ნაკლები კოეფიციენტი გაიყიდა და შენობების სიმაღლე ნაკლებად გაიზარდა. დღეს, როცა ამ პროცესს "მაკომპენსირებელი ღონისძიება" ან "ჩანაცვლება" ჰქვია, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. პირიქით, როდესაც კანონმდებლობასა და რეგლამენტში "თამაშის წესები" ცალსახად გაწერილი არ არის, ეს ქმნის მანიპულაციის შესაძლებლობას და გადაწყვეტილებები მიიღება შერჩევითობის პრინციპით,”- ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც 2023 წლიდან ხორციელდება ბიზნეს სექტორს ისტორიულ არეალში ავარიული შენობის ჩანაცვლება რეაბილიტაციის სანაცვლოდ მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც არა ისტორიულ უბანში მდებარეობას, k2 კოეფიციენტის გაზრდას სთავაზობს.

ამის მიღმა 2023 წელსვე გაჟღერდა მსგავსი ინიციატივა რეკრეაციული არეალებთან მიმართებითაც. ბიზნესი თუ მის საკუთრებაში არსებულ რეკრეაციულ ზონას, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია მუნიციპალიტეტს დაუბრუნებს, სხვა მისსავე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კ2 კოეფიციენტის გაზრდას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები