მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაჭკაჭაშვილი: „ხშირად ბროკერებს კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდიან“ - რა არის გამოსავალი?

კაჭკაჭაშვილი

საბროკერო მომსახურებით დაკავებული პირები ქართულ რეალობაში ხშირად ანაზღაურების გარეშე რჩებიან. კომპანია OK&CG დამფუძნებლის, იურისტის, ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, მომხმარებლები სასურველი ბინის ყიდვა-გაყიდვის პროცესში მათ მომსახურებას იღებენ, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება მხარეებს შორის, აგენტის გვერდის ავლით ხორციელდება.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას კაჭკაჭაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიზეზით სასამართლოში წარმოებული დავების აბსოლუტური უმრავლესობა უძრავი ქონების აგენტის გამარჯვებით სრულდება, თუმცა ეს შემთხვევათა რაოდენობას არ ამცირებს.

„უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში“ ფიქრობენ, რომ პრობლემას სპეციალური კანონის არსებობა მოაგვარებს, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობის ფორმებს განსაზღვრავს.

„დაახლოებით 10 წელია ადვოკატად ვმუშაობ უძრავი ქონების სფეროში და ბევრი საქმის წარმოება ამ საკითხზე მომიწია. ბევრი პროფესიაა საქართველოში რომელმაც თავისი ადგილი ჰპოვა, მაგრამ რატომღაც ამ ჩამონათვალში უძრავი ქონების აგენტები ვერ მოხვდნენ. დღემდე ადამიანებს აქვთ დამოკიდებულება, რომ ეს მომსახურება უნდა მიიღონ ისე, რომ მომსახურების გამწევს ანაზღაურება არ გადაუხადონ.

100-ზე მეტი საქმე მაქვს ნაწარმოები და 98% აქედან მოგებულია. მათ შორის ისეთი, სადაც ხელშეკრულება იყო ზეპირი. ყველა მათგანს დაეკისრა საჯარიმო სანქციები, პირგასამტეხლო და ა.შ. მაგრამ მაინც, ყველა მესაკუთრეს სურს, რომ არ გადაუხადოს აგენტს საფასური. არადა ასე არ ვიქცევით როცა ვიღებთ ექიმის, ადვოკატის ან ნებისმიერი სხვა პირის მომსახურებას. ეს საქმიანობა დაცულია სამოქალაქო კოდექსის მიერ, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება, კანონი იცავს ამ ხალხს, თუმცა ალბათ მთავარი სამუშაო არის მომხმარებლების ცნობიერების მიმართულებით.

საკანონდებლო მარეგულირებელ ნორმები უშუალოდ ბროკერზე, ისეთივე როგორც აუდიტზე თუ იურისტზე არსებობს, არ გვაქვს, ამიტომ ვითხოვთ სფეროს მოწესრიგებას. საჭიროა სპეციალური კანონი, რომელიც არსებობა ყველას ინტერესებშია, მათ შორის სახელმწიფოსი. ეს მოაწესრიგებს სფეროს, მოაწესრიგებს გადასახადებს და დაიცავს მომხმარებლებს. მათ ეცოდინებათ ვის უშვებენ ბინაში და ვის ანდობენ საკუთრებას. უძრავი ქონების ასოციაცია დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ კანონის მიღება იქნება გამოსავალი.“ - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები