სამშენებლო მენეჯმენტის, დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურებების კომპანიის LSG Solutions-ის მმართველი პარტნიორი და გენერალური დირექტორი, სოსო ბერიძე გადაცემა #BMGDRIVE-ში ბაზარზე არსებულ კადრების დეფიციტზე საუბრობს და ამ კონტექსტში კომპანიის სტრატეგიას აზიარებს.
„ძალიან დიდი გამოწვევაა კადრების ნაწილი და ვფიქრობ, რომ ზრდასთან ერთად მომავალშიც გამოწვევა იქნება. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც კადრების დეფიციტი არსებობს“, - აცხადებს ბერიძე.
მისივე თქმით, სწორი ხედვა და ღირებულებები გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანიამ ბაზრიდან ბევრი მაღალი დონის პროფესიონალი მიიზიდა: „რაღაც ეტაპზე, მსხვილი კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს. ჩვენ შევქმენით სამუშაო გარემო, რომელშიც მონაწილეობის სურვილი გაუჩნდათ. მეორეს მხრივ, გარკვეულწილად იღბლიანებიც ვართ - ახალგაზრდა კადრებთან ერთად, რომლებთანაც ბიზნესი დავიწყეთ, რამდენიმე წელიწადში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი გუნდის გაძლიერებაში“, - თქვა მან.
ინფორმაციისთვის, LSG Solutions ბაზარზე 5 წელზე მეტია ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო მენეჯმენტის, დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურებებს უძრავი ქონების, ჯანდაცვის, ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.