კერძო სექტორი კვლავ კადრებს ეძებს. ბიზნესის თქმით, მათ როგორც მაღალი, ისე დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციასა და პროფკავშირებში აღნიშნავენ, კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა. BMG-ის კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ადამიანების ნაწილს ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურება არ აქვს, "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტი თვლის, რომ მხოლოდ კერძო სექტორი არაა და სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთ დროს მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანებმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტონ. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დასაქმების სააგენტოში ამ დროისთვის ათიათასამდე ვაკანსიაა შესული, თუმცა ბიზნესი მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამუშაო ძალას ეძებს, რაც მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნას ხელს ვერ უწყობს.