მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების მოძიების პრობლემა არ გვაქვს... ჩვენი მძღოლები საკმაოდ საინტერესო პროფესიის ქალბატონები არიან - Taxi Womens

ტაქსი

უკვე სამი თვეა ბაზარზე Taxi Womens გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი ანიტა ჩანქსელიანი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანია მომხმარებელში უკვე საკმაო ნდობას იწვევს, რაც გამოძახებების რაოდენობაში აისახება.

„უკვე სამ თვეზეა მეტია, ბაზარზე ვართ ვფიქრობ, სანდოობას უკვე ვიწვევთ ჩვენს მომხმარებელში. ამიტომ საკმაოდ მზარდია ყოველდღიურად შეკვეთების რაოდენობა. დაზუსტებით ციფრს ვერ გეტყვით, ძალიან განსხვავებულია ყოველდღიურად, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით. ჩვენი მძღოლები არიან საკმაოდ საინტერესო პროფესიის ქალბატონები, ზოგი მათგანი პედაგოგია, ზოგი აფთიაქშია დასაქმებული, ზოგიც საერთოდ ქიმიკოსია. მგონი ყველა სფეროსთან შემხებლობაში აყვანილი კადრები გვყავს. ამ ეტაპზე კადრების მოძიების პრობლემა არ დგას, საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან დაინტერესებული ქალბატონები, მათ თავისუფალი მათზე მორგებული გრაფიკი იზიდავთ“, - განაცხადა ჩანქსელიანმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კომპანიაში 50-მდე ქალბატონი მძღოლი მუშაობს.

რაც შეეხება სერვისებს, რასაც Taxi Womens მოქალაქეებს სთავაზობს. ანიტა ჩანქსელიანი ამბობს, რომ კომპანია სკოლის მოსწავლეებს ემსახურება და ეს სერვისი მოქალაქეებს საკმაოდ მოსწონთ.

„კომპანიაში ვერ ვიტყვი რომ რაიმე ყველასგან განსხვავებული სერვისები გვაქვს მაგრამ მინდა აღვნიშნო - ჩვენ გვაქვს პირადი მძღოლის მომსახურების სერვისი ამ სერვისიც კი ძალიან ბევრ სკოლის მოსწავლეს ვემსახურებით და დიდ კმაყოფილებას ვგრძნობთ მშობლების მხრიდან. ვგრძნობთ სანდოობას, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ასევე ვემსახურებით შშმ პირებს პირადი მძღოლის სერვისით და ეს მათთვის განსაკუთრებით დიდი კომფორტია“, - ამბობს ის.

კომპანია ამ დრომდე მხოლოდ თბილისის მასშტაბით მუშაობდა, თუმცა უკვე ხელმისაწვდომია ქუთაისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები