“კადრებს სანთლით ვეძებთ, უკვე საუბარი აღარ არის კარგსა და ცუდზე, უბრალოდ ვეძებთ კადრს”, - ამის შესახებ bm.ge-ს რესტორნების „შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას” დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, სარესტორნო სექტორში კადრების დეფიციტი მუდმივად პრობლემა იყო, თუმცა პანდემიამ და მძიმე ეკონომიკურმა ფონმა ეს გამოწვევა უფრო გაამძაფრა.
“კადრები ამ სექტორში მუდმივად პრობლემა იყო, რადგან ეს მიმართულება ახალია და პროფესიონალები ნაკლებად არიან, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება; სანთლით ვეძებთ კადრებს, უკვე საუბარი აღარ არის კარგსა და ცუდზე, უბრალოდ ვეძებთ კადრს, რომელიც არ ჩანს, მოთხოვნა კი ძალიან მაღალია.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ყველა ქვეყნიდან გარბის, ბევრი ჩემი თანამშრომელი პოლონეთშიც კი წავიდა, სადაც არც თუ ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ საქართველოს მაინც ურჩევნიათ. ახალგაზრდები კი მხოლოდ ფინანსური მიზეზებით არ მიდიან, მომავალს ვერ ხედავენ აქ და ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანებმა სამუშაო პროფილი შეიცვალეს და იქ დასაქმდნენ, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ, მაგალითად, მიტანის სერვისებზე”, - ამბობს მერიკო გუბელაძე.
სარესტორნო სექტორიდან კადრების გადინების პრობლემაზე საუბრობს რესტორან “ჩვენის” დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილიც. „2021 წელი რომ შევაჯამოთ, მთავარ პრობლემად კვლავ კადრების გადინება რჩება. სარესტორნო სექტორში ვინც მუშაობდა, მიტანის სერვისში გადავიდა - მოტოებზე გადასხდნენ ან „ტაქსაობენ“. პერსონალის გარკვეული ნაწილი კი საზღვარგარეთ ისეთ დიდ ბაზრებზე სამუშაოდ წავიდა, როგორიც არის რუსეთი, უკრაინა და ევროპის ქვეყნები", - თქვა მან bm.ge-სთან ინტერვიუში.