მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაფე მზიურს" ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ, მერიამ გადაწყვიტა ის „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“ აქციოს - "კაფე მზიური"

სს
15.06.24 22:18
2749

8 წლის თავზე "კაფე მზიურს" ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კაფე ავრცელებს.

როგორც "კაფე მზიური" სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებდნენ, მათ ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

მზიურის ხელმძღვანელობა ითხოვს, რომ კაფეს სოციალური სივრცის ფუნქცია შეუნარჩუნდეს.

"დღეს მივიღეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან: „კაფეს მზიურს“ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას. გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში.

8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით.
პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი სოციალური აქტივობები.

ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე.

წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად.

მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას - შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია", - წერია გავრცელებულ ი9ნფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მზიურში სოციალური საწარმოს და კაფის გახსნის ინიციატორი, იდეის ავტორი ანა გოგუაძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები