ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" სანქცირების საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნგრეთის ახალი მთავრობა ეყოლებათ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან გზავნილია, რომ მიმართულება, რომელიც მათ აქვთ აღებული, არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა წარმოადგენს.
„საქართველო არ ავლენს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. მინისტრების მკაფიო გზავნილია, რომ საქართველომ კურსი უნდა შეცვალოს. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნამდვილი ჩართულობა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ კურსის შეცვლა სურთ.
ზოგადი განწყობა ასეთია. როდესაც ჩვენ გვსურდა სანქციები, მაგალითად, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახორციელებს ამ ქმედებებს ოპოზიციისა თუ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ჩვენ გვყავდა 26 მომხრე ქვეყანა და ერთი — წინააღმდეგი. ბოლოდროინდელი მოვლენები [უნგრეთში მთავრობის ცვლილება] ასევე ეხება საქართველოსაც — მოაქვს თუ არა ამას ახალი იმპულსი ამ მიმართულებით.
მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ, მაგრამ ვნახოთ. ჩემთვის ცალსახად დღეს იყო ძალიან კარგი დისკუსია ამ საკითხებზე, ასევე ჩართულობაზე, რადგან ზოგიერთი ამბობდა, რომ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება. საერთო ხედვა ისაა, ჩვენ აუცილებლად მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს ქართველ ხალხთან, მათ შორის თბილისს გარეთაც, რათა ვუჩვენოთ ხალხს, რომ ევროკავშირი მათ გვერდითაა და ჩვენ ნამდვილად კეთილი ზრახვებითა და ნებით მოვდივართ. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გადავცეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მთავრობას, რომ მიმართულება, რომელიც მათ აქვთ აღებული, არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპა წარმოადგენს. ასეთი იყო დღევანდელი განხილვა და სანქციების საკითხს დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი მთავრობები გვეყოლება“, — განაცხადა კაია კალასმა.




























