„საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ნათელია, თუ რას ემსახურება დიპლომატების საქმიანობა.
„წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის შენიღბულ-შეფუთული პერფორმანსების მოწმენი ვიყავით, თითქოს ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში კი, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ქვეყანაში აღვივებენ დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას. კიდევ ბევრი რამე ამოტივტივდება. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა თბილისი მერმა.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ოცნების" მაღალჩინოსნები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დასავლელ წარმომადგენლებს მსგავსად მოიხსენიებენ.




























