მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა ხაზარაძე: თავისუფლების დაკარგვა - ყველაზე დიდი რისკი, რაც ბიზნესს დღეს უდგას

კახა ხაზარაძე

„ყველაზე დიდი რისკი, რაც დღეს ბიზნესს უდგას და, ფაქტობრივად, პროცესი დაწყებულია, არის თავისუფლების დაკარგვა“ - ასე უპასუხა „ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც 2026 წლისთვის კერძო სექტორის მთავარ რისკებს შეეხებოდა.

ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ სწორედ თავისუფლების დაკარგვასთან დაკავშირებული რისკებია ძირითადი მიზეზი, რატომაც მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციას არ აფიქსირებს.

„ყველაზე დიდი რისკი, რაც დღეს ბიზნესს უდგას და ფაქტობრივად, ეს პროცესი დაწყებულია, არის თავისუფლების დაკარგვა, იმიტომ, რომ ბიზნესს სჭირდება თავისუფალი გარემო. თავისუფალი გარემო თუ აღარ გექნება და ამას ალბათ გვიან მიხვდები, მერე მასზე საუბარს აზრი აღარ აქვს. [თავისუფლება] არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დღეს ბიზნესი კარგავს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ „წერტილში“, სადაც ასევე ისაუბრა ბიზნესის მხრიდან პრობლემების ღიად საუბრის მნიშვნელობაზე.

"თუ მთავრობა მე ანუ ბიზნესს სწორად არ მემსახურება და [ვხედავ] კორუფციას, ბიუროკრატიას და თუ ამაზე არ ვსაუბრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ უარეს სიტუაციაში ვიქნები... ისეთს არაფერს ვითხოვ, რაც არ უნდა მოვითხოვო და შესაბამისად, ამაზე საუბარი თუ დასჯადია, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის“, - აღნიშნა მან.

ბიზნესმენი წუხს იმის გამო, რომ საქართველოში უსამართლობა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს.

„წერტილი უნდა დავუსვათ სიჩუმეს და წერტილი უნდა დავუსვათ უსამართლობას. თუ ჩვენ გვინდა, დავასრულოთ უსამართლობა, მაშინ პირველ რიგში, სიჩუმეს უნდა დავუსვათ წერტილი. სხვანაირად არ გამოვა; სხვანაირად სულ ვივლით წრეზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ვინც დღეს თვლის, რომ არ შეეხება, შეეხება“, - თქვა კახა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები