მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთსა და ქვემო ქართლში სასოფლო მიწებზე ნარჩენების წვის 3 ფაქტი გამოვლინდა - ჯარიმა 500 ლარია

სავარგულები

კახეთში - დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნარჩენების წვის 3 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

"მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა დასჯადია და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას. სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს ჯარიმის სახით 1500 ლარისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები