მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში 133 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა - როგორ მიმდინარეობს რთველი?

რთველი

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათას ტონას აჭარბებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უწყების თანახმად, 26 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 133 ათასი ტონა ყურძენი.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 64 ათას ტონამდე რქაწითელი, 62 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 532 ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან; აქედან 270 უკვე იყო რთველში სხვადასხვა ეტაპზე ჩართული.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად. კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები