სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ალოობის ფესტივალის ორგანიზების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით ყიდულობს. მარცვლოვანი კულტურის მოსავლის აღების ღონისძიების ორგანიზებისთვის 420 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
კერძოდ, შესყიდვის ობიექტი არის ერთდღიანი ფესტივალის ორგანიზების მომსახურება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც მიძღვნილია მარცვლოვანი კულტურის მოსავლის აღების (ალოობის) დაწყებასთან. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განმარტავს, რომ აღნიშნული კულტურული ღონისძიება დაკავშირებულია მუნიციპალიტეტში ხორბლის, ქერის და სხვა მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების პერიოდთან, რომელიც იწყება ივლისის პირველ კვირაში.
ღონისძიების ჩატარების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1-4 ივლისის პერიოდი.
„ალოობის ფესტივალის მიზანია ქართული ხორბლის კულტურის, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოპულარიზაცია, ენდემური ხორბლის სახეობების ცნობადობის გაზრდა, ტრადიციული ცოდნისა და პრაქტიკის წარმოჩენა, აგრარული კულტურის თანამედროვე ფორმით საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.
ამასთან, ღონისძიება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეებისა და აგროპროდუქციის მწარმოებლების პოპულარიზაციას, აგროტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ფესტივალი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოს, როგორც ხორბლის კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერის, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პოზიციონირებისთვის.
ღონისძიების კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით და იგი გათვლილია 3000-5000 ვიზიტორზე და მოიცავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, ეთნოგრაფიულ, კულტურულ, გასტრონომიულ, საბავშვო და საგამოფენო სივრცეებს, კულტურულ პროგრამას, საკომუნიკაციო კამპანიას, ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფას, რაც განაპირობებს მომსახურების კომპლექსურ და მასშტაბურ ხასიათს”, - წერია შესყიდვის განმარტებაში.

























