"ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ მხარი დაუჭირა ძალას, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს.
მან გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მე-12 ოლქის 26-ე უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რის შემდეგაც მედიასთან გააკეთა კომენტარი.
„მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. კახეთში აქტივობა საკმაოდ მაღალია თვითმმართველობის არჩევნებზე. მხარი დავუჭირე ძალას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და მეტ სიკეთეს რეგიონებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე ჩაივლის ისე მშვიდ ვითარებაში, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.




























