კახეთის რეგიონში ამ დროისთვის, გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი მიმდინარე წლის რთველის სეზონზე რეკორდული რაოდენობის - 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 50 ათას ტონამდე საფერავი, 52 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა.
აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.




























