მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ნავთობისა და გაზის საბადოს ინვესტორი ჩინური კომპანია იქნება - მე-10 სალიცენზიო ფართობზე ხელშეკრულება გაფორმდა

3434

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ჩინურ კომპანია West Galf Petroleum Engineering Company Ltd-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისთვის საქართველოს მე-10 სალიცენზიო ფართობზე (4336 კვ. კმ).

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ფართობი თიანეთის, საგარეჯოს, ახმეტის, თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონებს მოიცავს და ნავთობისა და გაზის მოპოვების თვალსაზრისით თავისი პოტენციალით გამოირჩევა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 25-წლიან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც კომპანია „West Galf Petroleum Engineering Company Ltd“ განახორციელებს სალიცენზიო ბლოკზე არსებული რესურსების კვლევა-ძიებასა და მოპოვებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პირველ ეტაპზე, დაგეგმილია გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემებისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადება. მეორე ეტაპზე კომპანია ჩაატარებს ორ და სამგანზომილებიან სეისმოსაძიებო სამუშაოებს, მომდევნო ეტაპზე კი განახორციელებს ბურღვით ოპერაციებს, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად, რაც პროექტის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ხელშეკრულებას ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო კომპანია West Galf Petroleum Engineering Company Ltd-ს მხრიდან - იენ ფენგმა.

როგორც გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, საქართველოს მხარეს კომპანია West Galf Petroleum Engineering Company Ltd მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. მისი თქმით, West Galf Petroleum engineering Company Ltd-მ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლება საქართველოში V სალიცენზიო ბლოკზე 2017 წელს ჩატარებულ ღია საერთაშორისო ტენდერზე მოიპოვა და 2018-2024 წლების განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებულ სამუშაოებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 20 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ West Galf Petroleum engineering Company Ltd კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი პარტნიორი ამ მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების ეფექტურ გამოყენებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”,- აღნიშნა გიორგი ტატიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთისა და მცხეთა - მთიანეთის რეგიონების განვითარებას, ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„ეს პროექტი, ჩვენი მეორე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა იქნება საქართველოს მხარესთან, ჩვენი კომპანია საქართველოს ტერიტორიის V სალიცენზიო ფართობზე წარმატებით ახორციელებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს. ახალი პროექტი აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, განვახორციელოთ ოპერაციები პროფესიონალურად, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და ხელი შევუწყოთ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას. საქართველო, საიმედო პარტნიორია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, რასაც აღნიშნული ხელშეკრულებაც ადასტურებს“, – განაცხადა იენ ფენგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები