კაკლის ახალი ბაღები კორპორატიულად, უკეთესი ეფექტურობით არის მოწყობილი, რაც სექტორის ზრდას განაპირობებს - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა დაჩი მუჯირიშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად მსოფლიოში კაკლის მზარდი წარმოებაა და კაკლის ბაზარზე ძირითადი მოთამაშეები აშშ და ჩინეთი არიან ჩინეთ თავისი წარმოების უდიდეს წილს თვითონვე მოიხმარს, ამიტომ მთავარი საექსპორტო მოთამაშე არის აშშ.
რაც შეეხება საქართველოს დაჩი მუჯირიშვილი განმარტავს, რომ მთლიანობაში კაკლის 4 500 ჰექტარი ბაღი გვაქვს და ეს ახალი ბაღები ძირითადად არის კორპორაციულად მოწყობილი, უკეთესი ეფექტურობით.
"სწორედ ამაზე ვამყარებთ სექტორის მომავალ ზრდას. ამ მომენტისთვის წარმოება გვაქვს 3.2 მილიონი კილოგრამი და ველოდებით რომ 5.9 მილიონ კილოგრამამდე გაიზრდება 2023 წლისთვის", - განაცხადა მან.
საქართველოში კაკლის წარმოება 2018 წლიდან მზარდია, რაც უკავშირდება 2014 წელს გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლას. კაკლის მოსავლიანობა ჰექტრაზე 1.96 ტონაა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიო საშუალოს.
სახელმწიფო თანადაფინანსებით კაკალი ყველაზე დიდი ფართობით გაშენებულია კახეთში, ხოლო კერძო ინვესტიციებით აჭარაში. კაკლის სწორი მოვლა და პოსტ-ჰარვესტ ზომები მნიშვნელოვანია. ამიტომ, სახელმწიფო დაფინანსებით ხდება ასევე აშშ-დან აგრონომების ჩამოყვანა და ცოდნის გაზიარება. კაკლის ხარისხს აფუჭებს არასწორი შენახვა, რაც საშრობების საჭიროებას განაპირობებს. არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ მომავალში მეტის საჭიროება იქნება.