მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კაკლის სექტორისთვის ინდოეთი საინტერესო ბაზარია" - "ანიგოზის" თანადამფუძნებელი

კაკალი

კაკლის გადამმუშავებელი კომპანია "ანიგოზის" თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ინდოეთის ბაზარი ქართული კაკლის ექსპორტისთვის საინტერესო და მიმზიდველია. ამის შესახებ ანა ქევხიშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" სტუმრობისას ისაუბრა.

"კაკლისა და ნუშის მიმართულებით ყოველწლიურად ვაკეთებთ საერთაშორისო ბაზრების ანალიტიკას, როგორც მწარმოებელი, ასევე შემსყიდველი ქვეყნებისა. ინდოეთი არის გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის, კონკრეტულად ჩანდლერის ჯიშის კაკალს ყიდულობს. ქართული ჩანდლერი ძალიან ახლოსაა თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლით ჩილეურთან, ჩილე კი ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაკლის მწარმოებელი. ჩილეური კაკლის ძირითადი ნაწილი, ყველაზე მაღალი ხარისხი, ინდოეთის ბაზარზე გადის, მთავარი მომხმარებელია. შესაბამისად, ვცდილობთ, ახალ მომხმარებელს მივუთითოთ, რომ მაგალითად კალიფორნიის კაკალზე მაღალი ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ.

ინდოეთი მას მერეა ჩვენთვის საინტერესო და სამიზნე, რაც გავიგეთ, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის, ჩანდლერის ჯიშის ხარისხი სწორედ ინდოეთში შედის. ამას ემატება ისიც, რომ ჩინეთს, საიდანაც დიდი რაოდენობის პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება, მათ შორის ბიუჯეტური კაკლის, ინდოეთთან სავაჭრო კავშირი არ აქვს. ჩინური თხილეული ინდოეთში ოფიციალური გზით ვერ შედის. კაკლის მიმართულებას ყოველთვის უწევს კონკურენციას ჩინეთი, ინდოეთის ბაზარზე რომ ვერ შედის და დაბრკოლება აქვს, ეს კონკურენტულ უპირატესობას გვაძლევს", - განმარტავს ანა ქევხიშვილი.

ქევხიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპორტის გასაზრდელად გამოწვევაა საქართველოს, როგორც კაკლის მწარმოებელი ქვეყნის შესახებ დაბალი ცნობადობა, რაც ეტაპობრივად, მცირე ნაბიჯებით იზრდება: "ინდოეთის ბაზარი ყოველთვის იყო ჩვენთვის საინტერესო, თუმცა არ გვაქვს ცნობადობა ამ ბაზარზე. ძირითადად ისინი იცნობენ კაკლისა და ნუშის მწარმოებელი ბაზრებიდან ყველაზე დიდ და ცნობილ ქვეყნებს. არა მარტო ინდოეთში, სხვა ძალიან ბევრ ბაზარზე ცნობადობა არ გვაქვს, რადგან არ გვაქვს ამის მრავალწლიანი ისტორია, ახალი მწარმოებლები ვართ".

"ანიგოზი" ინდოეთში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ B2B ღონისძიებაში, MEWA INDIA 2025-ში მონაწილეობდა, რომლის ძირითადი ფოკუსიც თხილეულისა და ჩირეულის წარმოებაა. გამოფენაზე 50-მდე ქვეყნის ათობით კომპანია, მათ შორის შვიდი ქართული საწარმო მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები