დოკუმენტმა გარკვეული ცვლილებები უკვე განიცადა, პირველადი ვარიანტით, საფინანსო ინსტიტუტებს, მიწის გასხვისებისათვის 2-წლიანი ვადა ჰქონდათ, ახლა ეს შეზღუდვა მოხსნილია.
მსჯელობის საგანია, მიწის დამუშავების დათქმა და ჯარიმები, უკუგების ძალა, რომელიც უკვე არსებული საკუთრების შეზღუდვას შეიძლება შეეხოს, მემკვიდრეობის საკითხი, ასევე, მთავრობის დისკრეცია სასაოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე საინვესტიციო გეგმის პირობით.
მთავრობის დისკრეციასთან დაკავშირებით კომენტარი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ „საქმის კურსის“ ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს.
„ეს საკითხი მსჯელობის საგანი იყო ადრეც. მთავრობის დისკრეციაზე როცა მიმდინარეობს საუბარი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების შემთხვევაში უნდა მოხდეს. განსაკუთრებული კი მაშინაა, როდესაც მიწის გასხვისებას მოაქვს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლა და სოფლის მეურნეობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. მეორე მოსმენის პროცესში, თუ ეს ტერმინი დაკონკრეტდება, ამას მე მხოლოდ მივესალმები. მიზანი ყველას ერთი გვაქვს, განსაკუთრებულობა ვიღაცის მიერ ჩვეულებრივობაში არ უნდა გადაითარგმნოს", - განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, "კანონში ჩანაწერი იმდენად მკაფიო უნდა იყოს, რომ განსაკუთრებული განსაკუთრებულადვე დარჩეს ყველა მთავრობის და საჯარო მოხელის პირობებში".
შეგახსენებთ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის პროექტი ავტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაა.

























