თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, ნუ გამოაყენებინებენ თავს „უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანებაა“.
კალაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თუ გულწრფელი პროტესტი აქვთ, ხელისუფლებასთან ერთად მოითხოვონ ევროკავშირისგან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაჩქარება.
„თუ მართლა გულწრფელად უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული სტრუქტურების ხელშია ამის გასაღები. გამოდით ბატონებო და მიიღეთ გადაწყვეტილება.
საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს მივმართავ: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმა და არა საქართველოს მთავრობამ.
არარსებული პროტესტის ნაცვლად, მოდით, გამოვხატოთ პროტესტი სწორედ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.