მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე: ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლები ხშირად ითხოვენ იმაზე მეტ ფართს, ვიდრე აქვთ – მუნიციპალიტეტს ეს არ შეუძლია

თბილისის მერია

ხშირად ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ და მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს - ასე განმარტა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიზეზი, რატომ ვერ მიმდინარეობს ჩანაცვლების პროგრამა საჭირო ტემპით.

კალაძის თქმით, მოსახლეობის ნაწილს ხშირად აქვს მოლოდინი, რომ კორპუსების ჩანაცვლებისას მუნიციპალიტეტი მათ იმაზე მეტ ფართს გადასცემს, ვიდრე ამჟამად ფლობენ, რაც ქალაქისთვის ვერ ხერხდება.

„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია“, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მთელ ქალაქში 10 000-მდე შენობა-ნაგებობა სხვადასხვა ხარისხით ავარიულად არის მიჩნეული და საჭიროებს დემონტაჟს, განახლებას ან ჩანაცვლებას. ამ პროცესის სრულად განხორციელება მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია.

„არავის აქვს იმის ილუზია, რომ რამდენიმე წელში ყველა კორპუსი ჩანაცვლდება. ეს წარმოუდგენელია“, — აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ მთავრობის სხდომა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახების მისამძიმრებით დაიწყო „სამწუხაროდ, ავარიული კორპუსი ჩამოინგრა, მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, — თქვა დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, რომელიც სრულად მუნიციპალური მხარდაჭერით ხორციელდება:

„მერია ქირით გაჰყავს მოსახლეობა და დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში გადაეცემათ ბინა იმავე ფართის შესაბამისი მოცულობით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ“, — განაცხადა მან.

დედაქალაქის მერმა ასევე განმარტა ინფორმაცია, რომელიც მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში შეცდომით ვრცელდებოდა, თითქოს ავარიული კორპუსების ჩანაცვლება შესაძლებელია მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშე.

„ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე“, — აღნიშნა კალაძემ.

მისი განმარტებით, ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პროცესი შესაძლებელია 100%-იანი თანხმობის გარეშე დაიწყოს, ეხება გეოლოგიურად საშიშ ან ურბანულად პრობლემურ ტერიტორიებს. ამ შემთხვევაშიც საუბარია მხოლოდ პროექტირების პროცესის დაწყებაზე და არა მოსახლეობის გამოყვანაზე.

კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ისარგებლონ პროგრამით, რომელიც, მისი თქმით, მათ უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ სივრცეში გადასვლას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები