დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიდგომა უცვლელი დარჩება.
როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, საკუთრების უფლება კანონით არის განსაზღვრული და მერიის მხრიდან არავის საცხოვრებელი ფართიდან იძულებით გამოყვანა არ მოხდება.
„მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ. ამ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები და მაგალითად მოჰყავდათ კერძო საკუთრებაში შეჭრილი ადამიანების გამოყვანა ან სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, მუნიციპალიტეტს არ გვაქვს ამის უფლება, არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ,“ – განაცხადა კალაძემ.
თბილისში 14 ივლისის დღის მეორე ნახევარში ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ქალი იპოვეს, რომელიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.




























