მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე ავარიულიდან ახალ კორპუსში ხალხის გასახლების წესებს განმარტავს

63e3556c5ce1c
მარიამ დემეტრაშვილი
08.02.23 11:59
2043
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების ახალ წესზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ მუნიციპალიტეტს საკუთარ ტერიტორიაზე ახალი კორპუსის მშენებლობისთვის მოსახლეობის ნებართვა არ სჭირდება, თუმცა როდესაც ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს ამ ახალ კორპუსში გადასვლას შესთავაზებენ, მათი თანხმობა აუცილებელი იქნება.

„ცვლილება ეხება იმ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი საკუთრება და ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს არ ეხება. ეს არის ჩვენი ტერიტორია და არ გვჭირდება თანხმობა. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, შემდეგ შევთავაზებთ გადასვლას უკვე ახალ აშენებულ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოში.

იმისთვის, რომ შემდგომში მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ. თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ბინებს შევთავაზებთ სხვა კორპუსში მცხოვრებლებს. როგორ წარმოგიდგენიათ, მოსახლე მისი კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით?“ - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების წესში ცვლილება შევიდა. თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა არ დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები