კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, სოციალური დახმარების ზრდა არჩევნებს არ დაუკავშიროთ
ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, პრემიერმინისტრის მიერ პარასკევს გაკეთებული დაპირებების არჩევნებთან დაკავშირება არ მოხდეს. ბახტაძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 2019 წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები არასრულწლოვნები 50 ლარამდე გაზრდილ შემწეობებს მიიღებენ. დღეს ამ კატეგორიის ბავშვების შემწეობა 10 ლარს, ანუ დღეში 33 თეთრს შეადგენს.
“არ დაუკავშიროთ არჩევნებს ჩემი თხოვნა იქნება. იმიტომ რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, აი თუნდაც პრემიერმა ისაუბრა, ცვლილებებზე რომელიც დაახლოებით 150 ათას სოციალურად დაუცველ ბავშვს ეხება და 50 ლარი იქნება დახმარება. ასევე, სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში, დახმარებები არ შეუწყდებათ. ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები ჯერ კიდევ მაისში იყო პარლამენტში გაჟღერებული, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება არჩევნებს ნუ დაუკავშირებთ ამას,”- ამბობს კალაძე.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარებების ზრდას დაახლოებით 70 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება დასჭირდება. ამასთანავე, მაჭავარიანი ამბობს, რომ მთავრობა შშმ პირთა სოციალური დახმარების ზრდის შესაძლებლობასაც განიხილავს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში 125 ათასი ბავშვი იღებს თვეში 10 ლარიან შემწეობას.
საფონდო ბირჟები