„ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას“-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის გუშინ ღამით რუსთაველზე აქციის დაშლას, სადაც რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
„პოლიციამ უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა, მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როცა ხორციელდებოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა მოქალაქეთა მშვიდობას და კონსტიტუციურ წესრიგს.
პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება. ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური.
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს, უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.
ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზატაციის დროს პოლიციური ოპერაციისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.

























