თქვენ იცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული თბილისის მეტრო და ამიტომ, მეტროსადგურ "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების სწრაფად დასასრულებლად გავაფორმეთ ხელშეკრულება ბელორუსულ კომპანიას - ასე ახსნა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მიზეზი, რატომ გაფორმდა 9-წლიანი პერიოდის შემდეგ მეტროსადგურ "ვარკეთილის" სატენდერო ხელშეკრულება ბელორუსულ კომპანიასთან.
"ვარკეთილის" მეტროს რეაბილიტაცია, 9-წლიანი დაგვიანებით, სექტემბერში დასრულდება
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მეტროსადგურის, „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესში პრობლემური საკითხები გამოიკვეთა - ადგილობრივ საპროექტო, სამშენებლო და საექსპერტო კომპანიებს არ აღმოაჩნდათ სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ცოდნა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. მერიამ ამ მიზნით ხელშეკრულება „პრობილდ ექსპერტთან“ გააფორმა.
ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებული ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა.




























