მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე იმედოვნებს, რომ კომპანიები რუსთაველის რეაბილიტაციისთვის მეოთხედ გამოცხადებული ტენდერით დაინტერესდებიან

რუსთაველის გამზირი ფოტო

თბილისის მერი იმედოვნებს, რომ კომპანიები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ მეოთხე ტენდერში მონაწილეობით დაინტერესდებიან. ამის შესახებ კახა კალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის ტენდერის სამჯერ ჩავარდნის მიზეზებს შეეხებოდა.

რატომ არ შემოდიან კომპანიები - ინტერესი არ არის, თუ თქვენ მიერ დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ? ახლა რა გარანტია გაქვთ, რომ ტენდერი ჩატარდება? - ამ კითხვაზე კახა კალაძემ თქვა, რომ მერიის ძირითადი მოთხოვნა გამზირის რეაბილიტაციაა.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერში კომპანიები არ შემოვიდნენ - პრობლემა ეს იყო. ჩვენი მოთხოვნებია კონკრეტული გამზირის რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული მოწესრიგება და შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება თავისი საფეხმავლო ბილიკებით და გარე განათებებით, ინფრასტრუქტურით და ინვენტარით.

ვნახოთ, გამოვაცხადებთ და იმედია, კომპანიები დაინტერესდებიან“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის 28 აპრილს გამოცხადებული სამი ტენდერი უკვე მესამედ ჩავარდა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ტენდერების ჩავარდნა იმან განაპირობა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

პროექტი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი და ადგილზე სამუშაოების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარს შეადგენდა.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირის ხელახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები