მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე ირწმუნება, რომ წელს თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაგრძელდება

63c7ae80731ec
BM.GE
18.01.23 12:30
755
2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაციაც შედის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე მიმდინარე ეტაპზეა.

„დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის, კრწანისის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება. გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ამ დროისთვის, პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამასთანავე, უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი შალიკაშვილის სახელობის ხიდის და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია-მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ქუჩების რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობის სამუშაოებიც.

„გზების კაპიტალური სამუშაოების მიმართულებით, დაგეგმილია სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და ისნის რაიონში, ეშბას ქუჩის და მახათას აღმართის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა; უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე 2023 წელს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, ასევე, გამწვანების მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ სამუშაოებსაც შეეხო.

„2023 წელს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ქალაქ თბილისის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა გუდიაშვილის მოედანზე 12 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ორბელიანის ქუჩაზე ორი შენობის, ფურცელაძის ქუჩაზე სამი შენობის, ერეკლეს ქუჩა N6-ის, აბრეშუმის მუზეუმის, კადეტთა კორპუსის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას, რომელთა ჯამური ღირებულება 125 მილიონ ლარამდეა. ასევე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების კუთხით, ახალი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს 10-სართულიანი საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტიც შვიდ მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება ახალ პროექტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილია სულხან-საბას, ინგოროყვასა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო ზემოაღნიშნული პროექტების პარალელურად, პირველ ეტაპზე, მოხდება სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობების დაპროექტება, ხოლო შემდეგ, რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამწვანების მიმართულებით, დაგეგმილია რამდენიმე პარკის რეაბილიტაციაც.

„რეაბილიტირდება ვაზისუბნის დასახლების პარკი, მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე პარკი, ციციშვილის პარკი, მუხიანის პარკი, პირველი რესპუბლიკის პარკი. გარდა ამისა, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი პარკი. ასევე, გამგეობებს აქვთ თავიანთი პროექტები. საზოგადოებას ეტაპობრივად, ყველა პროექტთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები განხორციელდება იმისთვის, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ვიშრომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები