თბილისის მერი კახი კალაძე მუნიციპალურ ტენდერებში მონაწილე ,,უპასუხისმგებლო“ კომპანიების სანქცირებას ითხოვს.
კალაძის განცხადებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიათა ნაწილი უპასუხისმგებლოდ იქცევა და აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც პროექტების შეფერხებას იწვევს.
„ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით. გააკეთეთ ყველაფერი, „შავი სია“იქნება, თუ რაც ჰქვია, რომ ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა. ეს აფერხებს პროექტების განხორციელებას, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს და შემდეგ ყველა პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ უყურებს, რომ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველაფერზე და შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ“, - განაცხადა კალაძემ.
მან ორი კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა - მეტროსადგურ „სამგორისა“ და „ვერკეთილის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტები, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ.
,,კომპანია, რომელიც მეტრო „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, თუმცა ვერ მოახერხა და ,,სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, რომ ეს სამუშაოები მიიყვანოს ბოლომდე. ამ კომპანიის წინააღმდეგ კი, კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებები გატარდა“, - დასძინა კალაძემ.
მერმა ასევე ისაუბრა „ვარკეთილის ხიდების“ რეაბილიტაციი საკითხზეც და პროცესს ,,კატასტროფა“ უწოდა.
,,7 თვის განმავლობაში ხდებოდა 50 მეტრი მონაკვეთის რეაბილიტაცია. არ ვიცი, კატასტროფაა. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება და ესეთი უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა კალაძემ.

























