თბილისის მერია უარყოფს, რომ კახა კალაძე კომედიური ჟანრის ფილმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ bm.ge-ს მერიაში განუცხადეს.
მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია თავად მერმა უარყო.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ გუშინ სლოვაკეთის საელჩოზე და კულტურის მინისტრზე დაყრდნობით გაავრცელა. საქმე ისაა, რომ სლოვაკეთის საელჩო საქართველოში ფილმს იღებს და მათივე ინფორმაციით, კალაძე ეპიზოდურ როლს შეასრულებს.
აღნიშნულზე კომენტარი გუშინ bm.ge-ს მიხეილ გიორგაძემაც დაუდასტურა.
„მერს ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით, რომ ფილმში ის ეპიზოდურ როლს შეასრულებს",- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ BM.ge-სთან საუბრისას.
დღეს სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრი კომენტარის გაკეთებისას სლოვაკეთის საელჩოს დაეყრდნო, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო მოცემული, რომ კალაძე ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს.
Bm.ge ასევე გთავაზობთ ზუსტ ამონარიდს გუშინდელი პრესრელიზიდან, სადაც კალაძის ფილმში მონაწილეობაზეა საუბარი:
„ფილმის მომზადებასა და გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას თბილისის მერია იღებს, რომელიც თბილისის მერის, კახი კალაძის სახით არის წარმოდგენილი. იგი პირველად შეასრულებს ფილმში ეპიზოდურ როლს ახალგაზრდა და ენერგიული მერისა, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა სწრაფად და ეფექტურად შეუძლია. თბილისში გადაღებების ორგანიზებაში მერიის მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერა იქნება აღმოჩენილი“.