მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: თბილისში ქუჩების დავიწროების პრობლემას არასტანდარტული გზები იწვევს

6385c4f553728
BM.GE
29.11.22 12:34
5793
ქუჩების დავიწროების პრობლემას არა მუნიციპალიტეტის მერია, არამედ დედაქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

პრობლემის საილუსტრაციოდ კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული გზის მაგალითი მოიყვანა, სადაც ქუჩა კონკრეტულ მონაკვეთზე, ბუნებრივად ვიწროვდება.

„ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად - იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია. მაგალითად, გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი თუ ოთხი ზოლიდან, „ლაგუნასთან“ უკვე ჩნდება ორი ზოლი. ეს იწვევს საცობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საცობების განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებული ყველა პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე ხორციელდება.

კახა კალაძემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ ადგილობრივსა თუ უცხოელ ექსპერტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ქვეყანაში გამოცდილი სპეციალისტები. არ იფიქროთ, ეს ჩემი, ირაკლი ხმალაძის ან ვინმე ჩვენი თანამშრომლის დაწერილი პროექტებიაა. ამაში ჩართული არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიების წარმომადგენლები, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქსა და დედაქალაქში 10-15 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. იქ განხორციელებული პროექტებით პრობლემები მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, მათი გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენ ქალაქს მოვარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.