თბილისის მერის და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს დაიწყო. დედაქალაქის მერი დელეგაციის წევრებთან ერთად უნგრეთში 1-2 დეკემბერს იმყოფება.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძე დღეს შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.
კახა კალაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხებიც განიხილება. დედაქალაქის მერმა უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო გამოწვევებს.
„ბოლო წლების განმავლობაში, როგორც უნგრეთი, ისე საქართველო, ღია საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის სახით და უდიდეს საფრთხეს, გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება საუბარი“, — განაცხადა კალაძემ.
ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის მერი სიტყვით გამოვა და ყურადღება გამახვილდება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებზე.
კალაძის თქმით, ქართული მხარე მიმოიხილავს დედაქალაქში ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს, სადაც მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.
„ვისაუბრებთ ზოგადად გამოწვევებზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები - შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, თუ როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს. ვფიქრობ, საინტერესო და კარგი მაგალითების გადმოტანა შეგვეძლება საქართველოში“, - აღნიშნა კალაძემ.




























