მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე: ვასრულებთ დაპირებას, ურბანულად სწორად განვითარდეს თბილისი

60abdc262659c
BM.GE
25.05.21 01:00
661
თბილისის მერი კახა კალაძე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კალაძის განცხადებით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით.

„2017 წელს, როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი ურბანულად სწორად განვითარდებოდა. შესაბამისად, მთელი რიგი რეგულაციები მივიღეთ ამ მიმართულებით და შედეგიც სახეზე გვაქვს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით სწორად კონკრეტული არეალები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ დასვენების, განტვირთვის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორს ხელშეწყობა სჭირდება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას და მის დამფუძნებლებს. თქვენ იცით, რომ პანდემიის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, თითოეული ლარის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სამშენებლო სექტორი არის ის დარგი, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და რა თქმა უნდა, ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება. ჩვენი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამისთვის არის სრული მზადყოფნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მოიცვა. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები