2018 წელს კახა კალაძემ თბილისელებისთვის პლატფორმა “შენი იდეა ქალაქის მერს” წარადგინა.
ინიციატივას დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა მოქალაქეების იდეები თბილისის მერიამ ნაკლებად განახორციელა. 1300-ზე მეტი განაცხადიდან, 21 მოქალაქის იდეა უკვე ორ წელზე მეტია განხილვის რეჟიმშია, ხოლო თანხმობა მუნიციპალიტეტმა მხოლოდ სამ პროექტზე გასცა. მათ შორისაა ქალაქში ცხოველების გამოსაკვები აპარატების განთავსება, რომელიც თბილისის რამდენიმე უბანში დაიდგა კიდეც, თუმცა დღეს მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ამორტიზებულია.
ასევე მერის მოწონება დაიმსახურა ბოთლიყლაპია აპარატების იდეამაც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ავტორმა იდეა მუნიციპალიტეტთან შეათანხმა, აპარატები დედაქალაქის ქუჩებში ამ დრომდე არ გამოჩენილა.
მესამე იდეა, რომელიც პროექტის ავტორებმა თბილისის მერიასთან შეათანხმეს ლილო არენას მოწყობა იყო. პროექტი ადგილზე საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ლილო არენას იდეა დღესაც აქტიურია და მას საავტომობილო სპორტის ფედერაცია ახორციელებს. ფედერაციას თბილისის მერიამ სამგორის რაიონში 91 ათასი კვ მ.-ის მიწის ნაკვეთი გადასცა.
როგორც დღეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, სამშენებლო სამუშაოები ადგილზე უახლოეს პერიოდში დაიწყება, ხოლო მისი დასრულება მომავალი წლის ბოლოსაა დაგეგმილი. ჯამში პროექტში საავტომობილო სპორტის ფედერაცია 3 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.