მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერში არსებული ვადა საკმარისია

64635d11c8049
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.23 14:53
592
თბილისს 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსი ექნება - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 მაისს გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის შესყიდვის და ფლობის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის, წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია.

როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განმარტა, აღნიშნულ კომპანიებს დაეგზავნათ შესაბამისი ინფორმაცია, მანამდე კი ფასთა გამოკითხვა ჩატარდა.

„წარმოდგენილ კომპანიებს დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე ფასთა გამოკითხვა ჩატარდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ავტობუსები. აბსოლუტურად საკმარისია აღნიშნული ვადა. დედაქალაქი იმ ავტობუსებს მიიღებს, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთ რისკენაც მივისწრაფვით არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ავტობუსი ევრო 6-ის სტანდარტის უნდა იყოს, ამასთან მისი გამოშვების წელი აუცილებლად 2023 უნდა იყოს. 18-მეტრიან ავტობუსს ოთხი კარი უნდა ჰქონდეს, აქედან ორი კარი წინა, ხოლო ორი უკანა (გადაბმულ) სეგმენტში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტენდერი შემჭიდროვებულ ვადებში ტარდება, ის 11 მაისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოცხადდა (12-14 მაისს დასვენების დღეები იყო), ხოლო მასში წინადადებების შეტანა მხოლოდ ორი დღის - 18-19 მაისის პერიოდში იქნება შესაძლებელი (18 მაისის 00:00-დან 19 მაისის 12:30-მდე).

ამასთან, ტექნიკური მოთხოვნებით განსაზღვრულია 364 პარამეტრი, რასაც ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია გაბარიტები, ძრავის სიმძლავრე, გაგრილება/გათბობის სისტემა და ასე შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები