მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელს გაფართოების 20-წლიანი პოტენციალი აქვს

კახა კალაძე

ლილოს მოქმედი ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, გერმანული კომპანია ICP-ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 12 შესაძლო ლოკაცია შეფასდა, რომელთაგან სამი ალტერნატივა შეირჩა: მუხიანი, შინდისი და არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება. კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტად მოქმედი ნაგავსაყრელის ტერიტორიის გაფართოება დასახელდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში განვითარების პოტენციალი აქვს.

„კვლევის ფარგლებში შეფასდა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორებიცაა ტერიტორიაზე წვდომა, ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები, მიმდებარე მიწების გამოსყიდვის საჭიროება, ფუნქციური ზონირება, რელიეფი და ტერიტორიის სამომავლო განვითარების შესაძლებლობა. წარმოდგენილი შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი არსებული ნაგავსაყრელის ტერიტორია აღმოჩნდა, რომელსაც მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალიც აქვს. გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი კვლევის დასკვნა არის მკაფიო - ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება და მნიშვნელოვან დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ამასთან, მისი თქმით, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას.

„პირველ რიგში, ლილოს ნაგავსაყრელი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და არსებული ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებას და მდგომარეობის მოწესრიგებას. მეორე მხრივ, ახალი პოლიგონის მშენებლობას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება, რასაც მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური ხარჯებიც მოჰყვება. ამიტომ, სხვა ტერიტორიაზე გადასვლა თავისთავად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს არსებულ ნაგავსაყრელზე გვაქვს“, - აღნიშნა მერმა.

მერის ინფორმაციით, მერია ნაგავსაყრელთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას არსებული ტერიტორიის ფარგლებში გააგრძელებს. ერთ-ერთი მთავარი პროექტი ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა. კალაძის განცხადებით, ამჟამად დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

„საუბარია ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების, ე.წ. ლიჩეტის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. დღეს არსებული მდგომარეობით, ეს დაბინძურებული წყლები პირდაპირ არხში ჩაედინება, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემაა და აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას. სწორედ ამიტომ, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ევროა და რომელიც 2027 წლის სექტემბერში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლები შესაბამის გაწმენდას გაივლის, რაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. მერის განცხადებით, პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა და მისი დასრულების ვადად 2027 წლის სექტემბერია განსაზღვრული.

კალაძემ ასევე ისაუბრა ნაგავსაყრელის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიებზე და აღნიშნა, რომ მერიისთვის მათი პრობლემები მნიშვნელოვანია.

„ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია ან მოსახლეობას ვთხოვთ, შეეგუოს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს აწუხებს. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ეს პრობლემები რეალურად მოვაგვაროთ. ჩვენი მიზანია არა პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, არამედ მისი რეალური და გრძელვადიანი მოგვარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები