საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში ლეგიონერის მიმართულებით მატებაა. ამერიკელმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან შესაძლებელია, რომ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში იასპარეზოს. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
ამიერიდან სერბ მწვრთნელს ალეკსანდრ ჯიკიჩს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება ორ კალათბურთელს კამარ ბოლდუინსა და ჯო ტომასონს შორის, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა.
კამარი პოზიციით გამთამაშებელია და ამჟამად ესპანური “ბასკონიას” რიგებში ირჯება. 27 წლის სპორტსმენი, ევროპაში მეოთხე სეზონს ატარებს და ამ დროში თურქული “ტურკ ტელეკომის“, გერმანული “გიოტინგენის“ და იტალიური “ტრენტოს“ ღირსება დაიცვა.
ცნობისთვის, ევროპაში გადაბარგებამდე ბოლდუინი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია – Big East- ში თამაშობდა, სადაც „ბატლერის“ უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა და 4 სეზონის განმავლობაში საშუალოდ მოგროვებული 17 ქულითა და 3 პასით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის რამდენჯერმე მოხვდა კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 ნოემბერს “თბილისი არენაზე” ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ფინეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 18:50 საათზე დაიწყება.