Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას - „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქვეყანას OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან. ამ ეტაპისთვის, ცნობილი ხდება რომ კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაიმართება.
"სტარინგ ჯორჯიას" დადებით ეკონომიკურ ეფექტზე საუბრობს კულტურის ყოფილი მინისტრი და Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე. მისი თქმით, ეს ეფექტი დათვლილი იყო ჯერ კიდევ check in Georgia-ს დროს და მონაცემებმა მაშინ მოლოდინს გადააჭარბა. გიორგაძე არ ეთანხმება შეფასებას იმის შესახებ რომ სახელმწიფო კერძო სექტორს კონკურენციას არ უნდა უწევდეს, რადგან მისი თქმით, ეს ის კონცერტებია, რომლის ჩატარებაც კერძო სექტორს არ შეუძლია.
“კამათი იმის შესახებ მუშაობს ეს თუ არა უბრალოდ უსაგნოა, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არსებობს და ერთმნიშნელოვნად ასეთი ღონისძიებები ტურიზმის მიმართულებით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც მუშაობს. ეს ყველაფერი დათვლადი არის და რიცხვებშიც გამოიხატება. ჩემი მინისტრობის პერიოდში დაწყებულ "ჩექინ ჯორჯიაზე" საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვები წარმოადგინა კულტურის სამინისტრომ. ბევრისთვის მოულოდნელად შთამბეჭდავი რიცხვები იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ეს ყველაფერი დათვლადია და თავისი ეფექტის მომტანია.
ერთი მხრივ ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, რაც ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. ცნობადობა ასეთ პოზიტიურ ჭრილში ნიშნავს, რომ ქვეყანა საკმარისად სტაბილურია, უსაფრთხოა და ქვეყანაში ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალი არსებობს მაღალი დონის ვარსკვლავების მისაღებად. ამაზე მიბმულია ჰოსპითალითი ინდუსტრია, ლოგისტიკა, კვება. ამიტომ დიახ, რა თქმა უნდა, ეს მუშაობს და ყველაფერი დათვლადია, “ - ამბობს Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე.