მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კამჩატკაზე ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა - საფრთხე გამოცხადდა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნებში

კამჩატკა

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, დღეს, 30 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის ადგილობრივი ფილიალის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 8.8 იყო, ხოლო ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 149 კილომეტრში, ზღვის ქვეშ, 17 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრამ კამჩატკის სანაპირო რაიონებში ცუნამი გამოიწვია. დაფიქსირდა 4-მეტრიანი ტალღებიც. ცუნამის საფრთხის გამო სანაპირო ზოლებში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრის, ოლეგ მელნიკოვის თქმით, მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა კონკრეტული რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

რუსული მედია იუწყება, რომ ცუნამის შედეგად სრულად წყლით დაიფარა თევზის გადამმუშავებელი საწარმო „ალაიდი“.

მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ საფრთხე გამოცხადდა წყნარი ოკეანის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში: იაპონიაში, ჰავაიზე, ჩილესა და ჩრდილოეთ ამერიკის წყნარ ოკეანის სანაპირო ზოლში.

იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები