ალექსი ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური აცხადებს, რომ კამერების ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, როგორ შედის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ფანჩატურში და იარაღს გამოაქვს.
მისივე თქმით, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, ოთახში, რომელიც იზოლირებული სივრცეა და კარი იკეტება. ადვოკატის თქმით, იარაღის დაუდევარ დატოვებას ადგილი არ ჰქონია, რადგან საქმე ეხება საკუთარ საცხოვრებელ სახლს და ჩაკეტილ სივრცეს, სადაც იმ მომენტში არავინ იმყოფებოდა.
„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და იკეტება მისი კარი.
ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს ის, რასაც თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში.
არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი“,- თქვა აფციაურმა მედიასთან.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 7 ივლისს დილით თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით სასწრაფო წესით შეყვანილ იქნა საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შემდეგ კი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. რიჟვაძის საქმეზე ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით წარედგინა ბრალდება.




























