კომპანია "კამპა" საპენსიო რეფორმას მიესალმება. საწარმოს დამფუძნებელი სანდრო ბუაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდში დამსაქმებლის შენატანი - ხელფასის 2% - იმდენად დიდი არ იქნება, რომ ბიზნესმა მისი გადახდა ვერ შეძლოს.
"თუ მხოლოდ ბიზნესის კუთხით შევხედავთ, შეიძლება ვინმეს არ უნდოდეს თანხის გადახდა. თუმცა, საპენსიო რეფორმა მნიშნელოვანია ქვეყნისთვის და ის უნდა დაინერგოს",- აცხადებს სანდრო ბუაძე.
მისივე თქმით, საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მოსახლეობა თავს უფრო სტაბილურად იგრძნობს, როდესაც დანაზოგები ექნება.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმა მომავალი წლის მესამე კვარტლიდან უნდა ამოქმედდეს. რეფორმაში ჩართვა 40-წლამდე ასაკის პირებისთვის სავალდებულო იქნება, 40 წლის ზევით ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითი. ყოველთვიური შენატანი კი ხელფასის 6% იქნება, საიდანაც 2%-ს თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს სახელმწიფო გადაიხდის.

























