2026 წლიდან კანადა და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავენ. არსებული ინფორმაციით, დაიდება ახალი თანამშრომლობის ახალი დოკუმენტი, რომელიც ვაჭრობის, თავდაცვის, სამოქალაქო ბირთვული ენერგიის, კრიტიკული მინერალებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პარტნიორობას მნიშვნელოვნად გააფართოებს. როგორც გაერთიანებულ სამეფოში კანადის უმაღლესმა კომისარმა, რალფ გუდალმა თქვა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების შეცვლილი პოლიტიკის ფონზე ორი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებაა. როგორც ცნობილია, სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში კანადა და დიდი ბრიტანეთი დონალდ ტრამპის კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცნენ. კანადასთან გარიგება დღემდე არ არის დადებული, თეთრმა სახლმა კი კვირის დასაწყისში შეაჩერა პარტნიორობის ის შეთანხმება, რომელსაც ხელი ტრამპმა რამდენიმე თვის წინ თავად მოაწერა.
როგორც რალფ გუდალი აცხადებს, ამერიკის მიმართ პოლიტიკური გზავნილის გაჟღერების პარალელურად, მიზანი ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაც იქნება. ამ კუთხით ის ყურადღებას კრიტიკული მინერალების სექტორში თანამშრომლობაზე ამახვილებს. ოფიციალურ ოტავაში მოელიან, რომ დიდ ბრიტანეთთან განახლებული სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება დიდი შვიდეულში ძალის ახალ ცენტრს შექმნის, რომელიც ამერიკასა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დანარჩენ სახელმწიფოებსაც დაეხმარება. არსებული ინფორმაციით, დაანონსებული დოკუმენტი მიწოდების განახლებულ ჯაჭვებს ჩამოაყალიბებს, ამასთან, ხელმომწერ სახელმწიფოებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.




























