ქართული კომპანია „გეფერინის“ წარმოებული 33 სახეობის ტყავის ჩანთა უკვე ჩინეთის ბაზარზე, კერძოდ Taobao-სა და Tmall-ის პლატფორმებზე იყიდება, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ BM.GE-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.
„ჩვენ ჩინეთში გამოფენაზე 4-ჯერ ვიყავით, დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენი პროდუქციის იქ გაყიდვა გადავწყვიტეთ. სექტემბრიდან კი Taobao-სა და Tmall-ზე გაყიდვები დავიწყეთ, გვაქვს კონკრეტული მარკეტინგული გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ეს გრძელვადიანი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგი შედეგი გვაქვს, ჩვენს მთავარ მიზანს 2-3 წელიწადში მივაღწევთ.
ამჟამად 33 სახეობის ტყავის ჩანთა გვაქვს განთავსებული, თუმცა მომავალი წლიდან საფულეებისა და ფეხსაცმელების დამატებაც იგეგმება. ჩვენი საწყობი ჰონგკონგში მოვაწყვეთ და დამკვეთს შეკვეთა პირდაპირ იქიდან მიეწოდება.
2023 წლისთვის იქაურ კომპანიასთან ერთად გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც ლოკალურ ბაზარზეა ორიენტირებული, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩინეთის ბაზარზე ოპერირებას თავი დავანებოთ, პირიქით - წინ ბევრი გეგმა გვაქვს“, - აცხადებს ილია გეფერიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ პროცესში მთავარი გამოწვევა პანდემიის გამო ჩინეთის ჩაკეტვა იყო, თუმცა კომპანიამ ამ დაბრკოლებასთან გამკლავება მოახერხა და 2022 წელი 23%-იანი ზრდით დაამთავრა.
ილია გეფერიძე გვიყვება, რომ ჩინეთის ბაზრის გარდა „გეფერინი“ 2022 წელს პროდუქციის მცირე რაოდენობით ისრაელშიც გამოჩნდა, სადაც მომავალი წლიდან მათი ბრენდული მაღაზიის გახსნაც იგეგმება.
„ჩვენი პროდუქცია მცირე რაოდენობით ისრაელის მაღაზიებშიც გამოჩნდა, მომავალი წლიდან კი ჩვენი ბრენდული მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, რადგან გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენი პირადი მაღაზია ბევრად უკეთ მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ ის კონცეფცია, რაც საქართველოში გვაქვს, ყველა ქვეყანაში დავნერგოთ“, - ამბობს „გეფერინის“ თანადამფუძნებელი.
გეფერიძის ცნობით, 2023 წლის პირველი ნახევრის გეგმები უკვე გაწერილია - თებერვალში „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით მილანის გამოფენაზე იქნებიან წარმოდგენილი, მარტში კი გაყიდვები კანადაშიც დაიწყება.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩანთებისა და ტყავის სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი ბრენდი “გეფერინი” საქართველოს მასშტაბით ოთხ მაღაზიას, ერთს ბათუმში დანარჩენს კი თბილისში, ფლობს. გარდა ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისა, კომპანიას ქვეყნის გარეთ გაყიდვის 44 წერტილი აქვს, მათ შორის არის საკუთარი და სხვა მულტიბრენდული მაღაზიები.
„გეფერინი“ ყოველთვიურად 5 000-მდე ერთეულს აწარმოებს, რომლის რაოდენობაც, როგორც მისი თანადამფუძნებელი ამბობს, მომავალი წლიდან გაიზრდება. კომპანია 75 ადამიანს ასაქმებს და მისი პროდუქციის საფასური საქართველოს ბაზარზე 100-450 ლარს, ხოლო საექსპორტო ბაზარზე 70-280 დოლარს შორის მერყეობს.